საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

უზბეკეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში.


მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა.

პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით.


„მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ, ვუმანსპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში.

მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში. მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსრვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს.


ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთოებები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშნველოვან მემორანდუმს - უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას.

„მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში.

ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას“, - განაცხადა აბდულა არიპოვმა.